პრესის მიმოხილვა

რას ელოდება რუსეთი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისაგან

რუსული გამოცემა „ვესტი კავკაზა“ («Вести Кавказа») აქვეყნებს სტატიას სათაურით „რას ელოდება რუსეთი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისაგან“ (ავტორი — მატვეი კატკოვი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

„რუსეთთან ურთიერთობის თემა, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექტიში რეგულარულად განიხილება როგორც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის მიერ. ამასთან, საინტერესოა, რომ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობის“ მიდგომები რუსეთის მიმართ თითქმის ერთნაირია. ორივე პარტია თვლის, რომ საქართველო ნატოში და ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს და რუსეთმა საქართველოს დეოკუპაცია უნდა განახორციელოს. „მეოცნებეები“ მიიჩნევენ, რომ ამ მიზანს თვითონ უფრო კარგად მიაღწევს, ვიდრე „ნაციონალები“, თუმცა მათ არც „ნაციონალები“ ჩამოუვარდებიან და აცხადებენ, რომ ამ მხრივ ისინი უფრო ეფექტურად იმოქმედებენ.

დღეისათვის ქართული პოლიტიკური პარტიებიდან რუსეთისაკენ ყველაზე მეტად ორიენტირებულად („პრორუსულად“) „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ითვლება, რომლის პროგრამა პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის პროგრამებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. პარტია კრიტიკულად უდგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და მიიჩნევს, რომ თბილისმა მოსკოვთან აქტიურად უნდა ითანამშრომლოს. პარტიის ლიდერები რამდენჯერმე იყვნენ მოსკოვში ჩასულები მოსალაპარაკებლად. აქედან გამომდინარე, რუსეთისათვის იდეალური იქნებოდა, თუ საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსი“ გაიმარჯვებდა, მაგრამ არსებობს ერთი საკითხი, რომელიც მოსკოვთან უთანხმოებას იწვევს — ესაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა. გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსის ნეგატიური დამოკიდებულება ევროინტეგრაციის მიმართ დღეისათვის ქართველ ამომრჩევლებში უკიდურესად არაპოპულარულია.

კიდევ ერთ პარტიას, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეა, „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“ წარმოადგენს, პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის ლიდერობით. იგი ხშირად აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის აწყობის უუნარობის გამო. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არსებობს ერთი „მაგრამ“: ნინო ბურჯანაძის პარტიაც, ისევე როგორც „პატრიოტთა ალიანსი“, რუსეთისაგან საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ითხოვს.

არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, პოლიტიკური ბრძოლა თანდათან მწვავდება. შესაბამისად, ამომრჩევლებს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აწყობას ბევრი პარტია პირდება. ზოგი მათგანი ხელისუფლების „სატელიტია“, ზოგიერთი კი — ოპოზიციის ბანაკში. არიან ე.წ. დამოუკიდებელი პარტიებიც, მაგრამ მათ გავლენა არ აქვთ და მათი განცხადებებს ძირითადად მხოლოდ დეკლარატიული ხასიათი აქვთ. საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდეგ გამორიცხული არ არის კოალიციური მთავრობის შექმნა, მაგრამ იქნება თუ არა ახალი პარლამენტი დრევანდელთა შედარებით უფრო პრორუსული“ — ამ კითხვაზე პასუხი ძალიან რთულია.

ბუნებრივია, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია რუსეთის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა საქართველოსთვის. კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. შესაბამისად, თბილისი კარგად აცნობიერებს მოსკოვთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას… მაგრამ თუნდაც ეკონომიკური ფაქტორის გამო ქართველმა ამომრჩეველმა ხმა რომ მისცეს „პრორუსულ პარტიას“, ის აუცილებლად პრობლემის წინაშე დადგება: რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროგრამა არცერთ პარტიას არ აქვს“.

წყარო: https://vestikavkaza.ru/material/316830

მოამზადა სიმონ კილაძემ

Comment here