საზოგადოება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის მორიგ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში კვლავ არ არის სათანადოდ გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები, — ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა სხვადასხვა შეზღუდვამ, კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმმა ნეგატიური გავლენა მოახდინა შშმ პირებზე და მათ ოჯახებზე. განცხადებაში ომბუდსმენი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც პანდემიის ფონზე შშმ პირებს და მათ ოჯახებს გააჩნიათ.

„3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვის წახალისებას და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მიმდინარე წელს ამ დღის თემაა — „ვაშენოთ უკეთ: ინკლუზიური, მისაწვდომი და მდგრადი კოვიდ 19-ის შემდგომი მსოფლიო“. საქართველოში ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა სხვადასხვა შეზღუდვებმა, კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმმა ნეგატიური გავლენა მოახდინა შშმ პირებზე და მათ ოჯახებზე. ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა ახალი კორონავირუსის შესახებ, მათთვის მისაწვდომი ფორმებითა და საშუალებებით ინფორმირება; შეჩერებულია შშმ პირებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდება; ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი სწავლების ყველა საფეხურზე; გამოწვევას წარმოადგენს როგორც მისაწვდომი ფორმატებით დისტანციური სწავლება, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე მისაწვდომობა. სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ სტაციონარულ კლინიკებში ჯეროვნად არ არის დაცული ინფექციის გავრცელებისა და კონტროლის წესები, ეფექტურად არ სრულდება კოვიდ 19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლები.

მიუხედავად სახალხო დამცველის არაერთი მოწოდებისა, საქართველოს მთავრობის მორიგ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში კვლავ არ არის სათანადოდ გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები; ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ გატარებული ღონისძიებები კი არ არის ქმედითი და არ პასუხობს შშმ პირთა ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. კორონა ვირუსის გამო არსებული გამოწვევების გარდა, ქვეყანაში კვლავ არ არის შექმნილი შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის ეროვნული მექანიზმი. ასევე არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული პრობლემების დროული მოგვარება მნიშვნელოვანია შშმ პირთა უფლებების სათანადოდ დაცვისთვის და მათი ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფისთვის. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაიწყოს მუშაობა კოვიდ 19 შემდგომ პერიოდში ქვეყანაში მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაზე. ამ პროცესში აქტიურად დაუჭიროს მხარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახებისა და კანონიერი წარმომადგენლების, შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობას და თანაბარ მონაწილეობას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

Comment here