კულტურამთავარი

გელათის ტაძრის მიკროკლიმატს საზედამხედველო სისტემა გააკონტროლებს

გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის შობისა და წმ. გიორგის სახელობის ტაძრებზე გარემო პირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემა დაამონტაჟეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ცენტრალური სივრცეების სხვადასხვა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ჭრილებზე 18 შიდა სენსორი განთავსდა.

მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა მთავარი ტაძრის საკურთხეველში, ეკვდერებსა და კარიბჭეებში. კომპლექსის ეზოში განთავსდა სისტემის გარე სენსორი.

საზედამხედველო სისტემის საშუალებით შესაძლებელი გახდება მაკროკლიმატისა (გარეთ არსებული გარემოს) და მიკროკლიმატის (შიდა სივრცეები) ურთიერთქმედების შეფასება და კედლის მხატვრობის მდგომარეობაზე მათი გავლენის განსაზღვრა. მონიტორინგის სენსორების მეშვეობით ტენიანობისა და ტემპერატურული პარამეტრების წლის ოთხივე სეზონზე გაზომვისა და სრული მასშტაბით კედლის მხატვრობის გაღრმავებული კვლევის საფუძველზე სპეციალისტებს მხატვრობის კონსერვაციის მართვის გეგმისა და მისი განხორციელების სტრატეგიის შემუშავების საშუალება მიეცემათ.

Comment here