მთავარიპოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით ერთხელ ჩატარებული არჩევნების რევიზია მიუღებელია

არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული არჩევნების გადახედვა, რევიზია და ხელმეორედ ადამიანებისთვის კითხვა, თუ რა არის მათი არჩევანი, — ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კვლავ განსახილველი არ შეიძლება იყოს საკითხი, თუ როგორია ამომრჩეველთა პოლიტიკური არჩევანი პარლამენტის დაკომლექტებასთან დაკავშირებით.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ,რომ უშუალოდ დეტალებს, პირობებს, რომელიც შეიძლება იყოს განხილვის და დისკუსიის საგანი მოლაპარაკების მაგიდასთან, იმაზე მეტს ვერ ვისაუბრებთ, ვიდრე ზოგადად, პირობებთან და მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით არის. მახარებს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მხრიდანაც გაისმის იმედისმომეცემი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი იმედიანად არიან განწყობილი. სასურველი იქნებოდა, მოლაპარაკება შედეგიანად დამთავრდეს, თუმცა, ეს შედეგი არ გულისხმობს იმას, რომ იქ, სადაც წითელი ხაზი უნდა გაივლოს, რაც გულისხმობს ხელმეორედ ამომრჩევლის ნების გარკვევას, ვფიქრობ, წარმოუდგენელია, რომ ამაზე გადიოდეს შეთანხმების ხაზი. არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული არჩევნების გადახედვა, რევიზია და ხელმეორედ ადამიანებისთვის კითხვა, თუ რა არის მათი არჩევანი, მაშინ, როდესაც ერთხელ ეს გაკეთებულია“, — განაცხადა სარჯველაძემ.

მისი განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი თემების მოსაძებნად, სადაც შესაძლოა, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ კონსენსუსს მიაღწიოს.

Comment here