მთავარიპოლიტიკა

რომან კაკულია ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შანსების შესანარჩუნებლად პოლიტიკურ ძალებს კეკლუცობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

დღეს არის შესაძლებლობა რეალური ნაბიჯები გადაიდგას, როგორც ნატო-ში გაწევრიანების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების კუთხით და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ შანსს წაართმევს ქვეყანას, მოუწევს თავი დაანებოს პროდასავლურობით კეკლუცობას, — ასე მიმართავს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც მომავალი პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებით მოსაზრებებს გამოთქვამენ. მიმართვას  სალარლამენტო კომუტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

კაკულიას განცხადებით, ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რით არის განპირობებული საერთაშორისო პარტნიორების და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მაღალი ინტერესი პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით.

„რეგიონის უახლოესი გამოწვევები იძლევა საშუალებას რეალური ნაბიჯები გადაიდგას, როგორც ნატოში გაწევრიანების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების კუთხით და თანაც ეს ნაბიჯები გადაიდგას სწორედ ქვეყნის რეალური უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით. ამ ნაბიჯების გადადგმა ერთპარტიული პარლამენტის ფონზე ძნელი ასახსნელი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისათვის. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ შანსს წაართმევს დღეს ქვეყანას, მოუწევს თავი დაანებოს პროდასავლურობით კეკლუცობას მომავალში, იმიტომ რომ ასეთი შანსი ქვეყანას შეიძლება მომავალში აღარ ჰქონდეს. ამიტომ ვთხოვ ყველას ასეთი კუთხითაც შეხედოს მომავალი პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. რადგან, რეალურად რომც წარმოვიდგინოთ, ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რასაც პრაქტიკულად გამოვრიცხავ, მგონია, რომ არავითარ შემთხვევაში არ დადგება ის შედეგი, რისი პრეტენზიაც აქვს ოპოზიციას, იმიტომ, რომ ყველამ კარგად დაინახა როგორი იქნებოდა კოალიციური მთავრობა ამ შემადგენლობით და არა მგონია, ასეთი არჩევანი გააკეთოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ. პარლამენტში ერთი-ორი ადამიანით მეტის წარმოდგენის შესაძლებლობა და ის დიდი შესაძლებლობა, რაც ქვეყანას აქვს, ერთმანეთისადმი არავითარ შემთხვევაში თანაწონადი მოცემულობა არ არის, ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ეს გაითვალისწინოს“, — აცხადებს რომან  კაკულია.

Comment here