საზოგადოებაჯანდაცვა

ზაზა წერეთელი: “ტესტირების რაოდენობა გაიზარდა და შემთხვევების რაოდენობა ისევ ისეთია, როგორიც იყო მასობრივ ტესტირებამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები მუშაობს“

„ტესტირების რაოდენობა გაიზარდა და შემთხვევების რაოდენობა ისევ ისეთია, როგორიც იყო მასობრივ ტესტირებამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები მუშაობს,“ — ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა, პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების პირველი შედეგები აჩვენებს, რომ დაიწყო პირველი ეფექტის გამოვლენა.

„შეზღუდვების ეფექტი გამოჩნდება დაახლოებით 14 დღიდან. ანუ ჩვენ ახლა მივუახლოვდებით 14-15 დღეს, რომ დავინახოთ თუ როგორი ეფექტი აქვს ამ შეზღუდვებს. პირველი შედეგები გვაჩვენებს, რომ მატება აღარ გვაქვს ისეთი ციცაბო, როგორც აქამდე იყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ შეზღუდვებმა დაიწყო პირველადი ეფექტის გამოვლენა. ყველას გვახსოვს, რომ შავი პარასკევის დროს უამრავი ადამიანი მიაწყდა მაღაზიებს და ვვარაუდობთ, რომ ამან შესაძლოა დაღი დაასვას ამ შეზღუდვებს, მაგრამ დინამიკა პოზიტიურია და ამის ეფექტი ჩანს და მკაფიოდ გამოჩნდება მოდევნო დღეებში», — განაცხადა ზაზა წერეთელმა.

რაც შეეხება მასობრივ ტესტირებებს, ზაზა წერეთელი მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიებაა, განსაკურებით, შეზღუდვების პარალელურად.

„რაც შეეხება მასობრივ ტესტირებებს, ეს მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიებაა, განსაკურებით ახლა, შეზღუდვების პარალელურად, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ფართოდ მოვიცვათ მოსახლეობა და გავიგოთ, როგორი არის ინფიცირების მდგომარეობა საქართველოში. მასობრივი ტესტირებისას გამოვლენილი ადამიანების თვითიზოლაციაში გადაყვანა და კონტაქტების გარკვევა დაგვეხმარება იმაში, რომ შევამციროთ ამ ვირუსის გავრცელება. ალბათ კარგი იქნება, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ტესტების რაოდენობა და მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. კარგი იქნება, რომ შეფერხება არ იყოს ტესტირების პროცესში და ჩატარდეს ისე, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება მზად იყოს, მიიღოს მოსახლეობა და ჩაატაროს ტესტირება. შეზღუდვების ეფექტი ჩანს იქიდანაც, რომ ტესტირების რაოდენობა გაიზარდა და შემთხვევების რაოდენობა ისევ ისეთია, როგორიც იყო მასობრივ ტესტირებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები მუშაობს», — განაცხადა ზაზა წერეთელმა.

მისი თქმით, პრემიერისა და ჯანდაცვის ექსპერტების შეხვედრაზე განხილული იყო  საქართველოში და ასევე იმსჯელეს, თუ რა ხდება ევროპაში. ზაზა წერეთლის განცხადებით,  აღნიშნული იქნა, რომ შობისა და ახალი წლის დღეებში ევროპის ბევრი ქვეყანა არა თუ ასუსტებს, პირიქით —  ამკაცრებს შეზღუდვებს.

„იმის გამო, რომ ყველას ეშინია შობა და ახალი წელი ისეთი დღეებია, როდესაც მასობრივი შეკრება ხდება და ხალხი აღნიშნავს დღესასწაულს და, რომ არ მოხდეს ხალხის მასობრივი შეკრება და რომ არ მოხდეს ვირუსის სწრაფი გავრცელება. ამიტომ ძალიან ბევრ ქვეყანაში გადაწყვიტეს, რომ შეზღუდვები გაგრძელდება, შესაძლოა დაემატოს კიდევ შეზღუდვები. ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ თუ ადრე ფიქრობდნენ, რომ ისინი იანვრის ბოლოს შეწყვეტდნენ შეზღუდვებს, ახლა ფიქრობენ, რომ თებერვლამდეც კი შესაძლოა გაგრძელდეს», — განაცხადა ზაზა წერეთელმა.

Comment here