საზოგადოება

ნინო ლომჯარია — ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა

სახალხო დამცველის შეფასებით, თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით, საქართველოში მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და წინასწარგანწყობები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციის შემთხვევები.

„2020 წლის მაისის შემდეგ სისტემატური ხასიათი ჰქონდა რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ლგბტ+ თემის წევრებზე თავდასხმის შემთხვევებს, რაც გამოიხატებოდა თბილისი პრაიდის ოფისის საღებავით დაზიანების, კვერცხების სროლის, დროშის მოპარვის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებში. სამართალდამცავი უწყება სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ძალადობის პრევენციას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება და ეფექტური გამოძიება მოყვეს“,-აღნიშნავს სახალხო დამცველი.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას თქმით, ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება კვლავ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.

„2020 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტები გამოვლინდა, როგორც დასაქმების ადგილას, ასევე სამედიცინო მომსახურებისას გაწევისას. ამასთან, უარყოფითი ტენდენციის სახით აღსანიშნავია სექსისტური გამონათქვამების სიმრავლე პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან.

პანდემიის პირობებში დამძიმდა იმ ქალების მდგომარეობა, რომელთა შემოსავლის წყაროს არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა წარმოადგენდა. გარდა ამისა, გაიზარდა ქალთა მიერ გაწეული ოჯახზე ზრუნვის აუნაზღაურებელი ტვირთი, რაც უკავშირდება საბავშვო ბაღების, სკოლების დახურვას და გადატვირთულ სამედიცინო სერვისებს.

განსაკუთრებით დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა, რომლებიც მოძალადეებთან ერთ სივრცეში პირისპირ აღმოჩნდნენ, რის შედეგადაც გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკები და ამავდროულად შემცირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა“,-აღნიშნავს სახალხო დამცველი.

მისი თქმით, კვლავ დაბალია ინფორმირებულობის დონე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სახელმწიფო სერვისების შესახებ.

„2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 7 შემთხვევაში კი — სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 23 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 14 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

საქართველოში სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების სრულყოფილად განხორციელება კვლავ გამოწვევას წამოადგენს. აღნიშნული, ერთი მხრივ, უკავშირდება საზოგადოებაში არსებულ დაბალ ცნობიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებების ნაკლებობას. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ასევე ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა“,-აღნიშნავს ომბუდსმენი.

Comment here