ეკონომიკასაზოგადოება

საქართველოში შეკერილი საბავშვო ტანსაცმელი აშშ-სა და იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ჟირაფის“ პროდუქცია აშშ-სა და იაპონიაში ექსპორტზე გავიდა, ნათქვამია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს მხარდაჭერით კომპანიამ პარიზის საერთაშორისო გამოფენა Playtime–ზე მონაწილეობა მიიღო და დიდი მოწონება დაიმსახურა.

„პირველად მივიღეთ მონაწილეობა პარიზის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ჩვენი შქმნილი საბავშვო ტანსაცმელი სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე შედის,” — განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან გვაზავამ.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალი პარტნიორების მოძიებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს.

კომპანია „ჟირაფი“ ამ ეტაპზე მომდევნო გამოფენისთვის ემზადება და წარმოების გაფართოებას გეგმავს. ამასთან, სულ მალე ქართველ და უცხოელ მომხმარებელს კომპანიის პროდუქციის ონლაინ შეძენის შესაძლებლობა ექნება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ,  საქართველოში საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს. აღნიშნული კომპანიების პროდუქცია მრავალფეროვნებით, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და ადგილობრივ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

Comment here