მთავარიპოლიტიკა

«ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის შუქურა ერქვა, ივანიშვილის წყალობით დაეცა» -ნინო ბურჯანაძე

თუ ჩვენ ახლა შევეგუებით ამ არჩევნების გაყალბებას, საქართველოში არჩევნები საერთოდ აღარ ჩატარდება და იქნება ბიძინა ივანიშვილის დინასტია უკუნითი უკუნისამდე, ,- ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, ოპოზიცია პატივს ცემს ევროპარლამენტარების მოსაზრებებს, მაგრამ „მათი მოსაზრებები დირექტივა ვერ იქნება“.

„მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის შუქურა ერქვა, ისე დაეცა ივანიშვილის წყალობით, რომ არჩვენები უბრალოდ არ ჩატარდა“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იმართება, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს, როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს სურს, საქართველო მშიერ საბჭოთა კავშირში დააბრუნოს და პოლიტიკური ცხოვრება გაანადგუროს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ისე წაიყვანა ჩვენი ქვეყნის საქმე, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მხოლოდ ერთი პარტიაა და ეს ჩვენ გვახსენებს არცთუ საუკეთესო პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც ერთპარტიული მმართველობა იყო. ბიძინა ივანიშვილს აქვს სურვილი, რომ საქართველო დააბრუნოს მშიერ საბჭოთა კავშირში, არ მოუგვაროს ადამიანებს არცერთი პრობლემა, რომელიც აწუხებთ, მაგრამ გაანადგუროს პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკური სპექტრი და შემდეგ მედიასაშუალებებს და ყველა სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტს გადაწვდება. ამას არ დავუშვებთ, ამიტომ ვართ შეკრებილი სრულიად ოპოზიციური პარტიები ამ ძალიან სიმბოლურ ადგილზე, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტი იყო შეკრებილი. ამ უპრეცედენტო ერთობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დღეს, პრაქტიკულად ყველა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ არ მოვიპოვებთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

Comment here