ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას 28 დეკემბრიდან დაიწყებს

2020 წელს მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტების ახალი სერიის «საქართველოს მეფეების» ფარგლებში, მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა.

მონეტები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.

«საქართველოში ნუმიზმატიკის ისტორია თითქმის 26 საუკუნეს ითვლის. ქართული მონეტების ფორმა, სტილი, წარწერები და გამოსახულებები იცვლებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, რაც საშუალებას გვაძლევს, უწყვეტ დინამიკაში მივადევნოთ თვალი ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიას. საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს ნუმიზმატებს, და განსაკუთრებით ამ თემით დაინტერესებულ საზოგადოებას, კიდევ ერთი ახალი მონეტის გამოსვლას. დარწმუნებული ვარ, ეს მონეტები სხვა საკოლექციო მონეტების გვერდით მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს», — განაცხადა კობა გვენეტაძემ მონეტების პრეზენტაციაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

5 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ოქროს საკოლექციო მონეტებისათვის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და ავტორი ლევან კაკიაშვილია. მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. ვერცხლის მონეტის ფასია 100 ₾, ოქროს მონეტის კი — 1 690 ₾ და მათი შეძენა 2020 წლის 28 დეკემბრის 10:00 საათიდან მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის — https://moneymuseum.nbg.gov.ge საშუალებით იქნება შესაძლებელი.

მონეტების უფრო მეტი კოლექციონერის ხელმისაწვდომობისთვის, პროდუქცია 2020 წლის 28 დეკემბრიდან 5 დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება — ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მონეტის შეძენა შეეძლება.

Comment here