საზოგადოებასამართალი

ტელეკომპანია «ფორმულა» 2500 ლარით დაჯარიმდა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია «ფორმულა“ «მაუწყებლობის შესახებ» კანონის დარღვევის გამო 2 500 ლარით დააჯარიმა.

კომისიის ცნობით, დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა.

გარდა ამისა, მარეგულირებელი ორგანოს ცნობით, «ფორმულას» დაევალა, დაიცვას ბავშვის უფლებათა კოდექსი, «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონი და უზრუნველყოს სერიალ «ჩემი ცოლის დაქალების» ეთერში განთავსება «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილ დროს, სათანადო ნიშანდებით, რათა მოზარდებზე მავნე ზეგავლენა არ მოახდინოს.

«„ფორმულას“ მიერ, კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას მოქალაქე გ. ყიფიანმა მიმართა. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის შედეგად კი დადასტურდა, რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს” მაუწყებლის მიერ მინიჭებული აქვს უნივერსალური კატეგორია მაშინ, როდესაც პროგრამა 12 წლამდე პირებისათვის შეუფერებელ კატეგორიაში ექცევა. ამ კატეგორიის პროგრამა კანონის მიხედვით სამაუწყებლო ბადეში 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს, „ფორმულას“ კი იგი დღის საათებში ჰქონდა განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებლებმა 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებისგან თავი უნდა შეიკავონ 6-დან 21 საათამდე დღის მონაკვეთში. ბავშვის უფლებათა კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები მოზარდებს მაუწყებლებისა და ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან იცავს, მშობლებს კი, ეძლევათ მოქნილი მექანიზმი შვილები დაიცვან ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ,»- აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

Comment here