მთავარისაზოგადოება

პეტრე კოლხის ბავშვობის მძაფრი მოგონება ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებს უკავშირდება

პეტრე კოლხის ბავშვობის  მძაფრი მოგონება ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებს უკავშირდება.  ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

„შუაღამეც რომ არ გეკარება რული და წლების წინ გადაგისროლებს, ყველაზე მძაფრი, საინტერესო ისტორიები გახსენდება.

რაც არ უნდა დიდი იყო, პატარა ასაკს დასრტიალებ თავს და მოგონებად ქცეულ სკივრს სათუთად ეპყრობი. გეშინია, ღიად არ დაგრჩეს და ყველაზე ლამაზმა დღეებმა პეპლის ფრთები არ შეიბან. ფრენით დაიღლებიან და მიინავლებიან.

ახლა ბავშვობის ის ეპიზოდი გამახსენდა, ერის ისტორიიის ნაწილი რომ გახდა.

წალენჯიხაში, ისე, როგორც სხვა დანარჩენ სამეგრელოში მეზობლობა ყველაზე ახლო ნათესაობაზე ახლობელი იყო. მით უფრო, თუ მეზობლად შენი ნათესავი ცხოვრობდა.

ჩემი თაობა ვერასდროს გაექცევა 90- იანი წლების ამბებს.

ეს ჩვენი ბიოგრაფიის ნაწილია.

პატარა ვიყავი, იდეალად ქცეული ადამიანი გამაცნეს. იმ ოჯახის დიასახლისი მამიდად მეკუთვნოდა.

დახვეწილი, განათლებული, თავაზიანი, სწორი ქართულით მოსაუბრე ჭაღარათმიანი გმირი ყველას გვიღიმოდა…

განსაკუთრებით პატარებს. ასაკით დიდი იყო, მაგრამ შუბლზე გაჩენილი ნაოჭებიდან მარადიული ბავშვი იმზირებოდა.

ახლაც ჩამესმის მისი არაამქვეყნიური საუბრები.

დედას ვკითხე, ვინ არის, რა ქვია მეთქი…

ვკითხე და ავხედე დედას.

მას თვალები სავსე ჰქონდა ცრემლით.

ზვიად გამსახურდიააა, შვილო!..

ჰო, მან ბოლო დღეები ჩვენთან გაატარა… მას ჩვენი კუთხე გამორჩეულად უყვარდა…

,,საღამოობით, როცა ცისფერ ეკრანს ვუსხესით, და “Поле чудес”–ით ვერთობოდით, შორს, წალენჯიხის ტალახიან გზაზე მიაბიჯებდა ჯოხს დაყრდნობილი, წვერმოშვებული, ჩონჩხად­ქცეული კაცი… ეს კაცი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ორიოდე თვის წინათ მის ყოველ გამოჩენას და მოზეიმე სიტყვას მოსდევდა ტაშის ტალღა, ავტომატების კანონადა და სახე შეშ­ლილი ხალხი ნატრობდა ახლოდან ენახა იგი. ახლა კი მიდიოდა ­ ყველასგან მიტოვებული და განწირული და ღამის სიბნელეში ქრებოდა ლანდი, დანგრეულ სამშობლოზე ჯავრით დალეული. “

 



Comment here