განათლებამთავარი

სსსმ მოსწავლეებისთვის „განმავითარებელი აქტივობების კრებული“მომზადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის მოამზადა „განმავითარებელი აქტივობების კრებული“, რომელიც მოსწავლეებს წერითი, საკომუნიკაციო, შემეცნებითი და მოტორული უნარების განვითარებაში დაეხმარება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელო, რომელიც ოთხი სხვადასხვა – კითხვითი, წერითი, თხრობითი და მათემატიკური — ნაწილისაგან შედგება, ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.

ამასთან, კრებული პედაგოგებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებს მისცემს საშუალებას, დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებს სახლის პირობებში შესთავაზონ მათ ინტერესებზე მორგებული, მარტივი, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობები.

რაც შეეხება, სკოლებს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში შემუშავებული მრავალფეროვანი მეთოდები, სტრატეგიები, რესურსები და აქტივობები მათ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

სახელმძღვანელო „განმავითარებელი აქტივობების კრებული“ ხელმისაწვდომია ბმულზე: http://inclusion.ge/res/docs/20201231171803437.pdf

Comment here