მთავარისაზოგადოება

აკაკი ზოიძე — იდეალური სცენარია, რომ აღარ დაგვჭირდეს კარანტინის გამოცხადება და გაზაფხულამდე, სანამ ვაქცინაცია დაიწყება, მშვიდობიანად მივიდეთ

„იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები არ გაიზრდება და შენარჩუნდება ის ციფრი, რაც დღეს არის, ჯანდაცვის სისტემა  უპრობლემოდ გაუძლებს ვირუსის მართვას და სავარაუდოდ, პირველი თებერვლისთვის, არსებული შეზღუდვები მოიხსნება“, — ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაშიც, ძალაში დარჩება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მითითებული ძირითადი რეგულაციები, — როგორიცაა პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

 

„იდეალური სცენარია ის, რომ აღარ დაგვჭირდეს კარანტინის  გამოცხადება და გაზაფხულამდე, სანამ ვაქცინაცია დაიწყება,  მშვიდობიანად მივიდეთ“, — აცხადებს ექსპერტი.

აკაკი ზოიძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინის გამოსვლას და აქტიურად მოხმარებას მხოლოდ საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო ელოდება.

 

„ამერიკაში და ინგლისში კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. სანამ ეს საქართველოშიც მასობრივად მოხდება, ჩვენ გარკვეული გამოცდილება  გვექნება მასზე: გვეცოდინება, თუ რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს მას, რამდენად იზრდება ვაქცინით ალერგიული ფონი და ა. შ.“, — აცხადებს აკაკი ზოიძე.

Comment here