მთავარიპოლიტიკა

თალაკვაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. მისი თქმით, ერთი მხრივ, იდეალურად იქნება დაცული საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამნისტიის კანონპროექტზე, რომელზეც ძირითადად ორი კომიტეტი მუშაობს — ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს. ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ და დავამტკიცებთ ამ კანონპროექტს; მივიღებთ გადაწყვეტილებას ამნისტიასთან დაკავშირებით, იმ იდეალურ წერტილში, სადაც საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, ჰუმანურობის და ადამიანის უფლებათა დაცვის, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები იქნება იდეალურად დაცული“, — განაცხადა თალაკვაძემ.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კანონპროექტით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.

Comment here