მთავარისაზოგადოება

პაატა იმნაძე — კორონავირუსის ძველი და ახალი შტამის კლინიკურ მიმდინარეობაში არავითარი განსხვავება არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ძველი და ახალ შტამის კლინიკურ მიმდინარეობაში არავითარი განსხვავება არ არის.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირებულ ერთ პაციენტს, იმნაძის თქმით, მას მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

„როდესაც გამოქვეყნდა პირველი მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ასეთი შტამი და გამოქვეყნდა სამეცნიერო მტკიცებულებები, თუ რა შემთხვევაში შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, ჩვენ ვნახეთ ყველა დადებითი შემთხვევა საქართველოს ყველა ლაბორატორიაში იმისთვის, რომ მოგვენახა საეჭვი დადებითი შემთხვევები. საეჭვო დადებითი შემთხვევა არის ისეთი, როდესაც სამი გენიდან, რომელიც PCR ტესტში გამოიყენება სამიზნედ, ორი არის დადებითი და ერთი არ არის დადებითი. ასეთები გამოვარჩიეთ. ასეთი იყო სამი შემთხვევა რამდენიმე ათასიდან, რაც იყო საქართველოში მთლიანად. ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც იყო საქართველოში, სამივე გენზე დადებითი იყო“, — განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, პაციენტს ახალი შტამის ვირუსი დეკემბერის მეორე ნახევარში დაუდასტურა. იმნაძის განცხადებით, ინფიცირებულის კონტაქტები მოძიებულია.

„იზოლაციაში ვინც იყვნენ კონტაქტები. ახლა მოხსნილები არიან, იმიტომ რომ ყველამ გაიარა თავისი იზოლაციის ვადა, 14 დღე. პაციენტს ჰქონდა კონტაქტი მანამდე, სანამ ავად გახდებოდა, ადამიანთან, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია. მოძიებულია იმ ადამიანის ნიმუში და მიმდინარეობს მისი სეკვენირება. ის ადამიანი საქართველოში აღარ არის“, — განაცხადა იმნაძემ.

Comment here