ეკონომიკა

საქართველოდან მოცვის ექსპორტი 5000 ტონას მიაღწევს

საქართველოდან მოცვის ექსპორტი, 2023 წლისთვის, 5000 ტონას მიაღწევს. ამის შესახებ გამოცემა EastFruit-ის ანალიტიკოსები აცხადებენ. მათი თქმით, ამჟამად საქართველოში 1000 ჰექტარზე მეტი ფართობის მოცვის კომერციული პლანტაციებია, რომლებიც წლიდან წლამდე ფართოვდება.

„ჩვენი გათვლებით, 2020 წელს საქართველოში 750 ტონა მოცვის მოსავალი იყო, აქედან 89%-ის (665 ტონა) ექსპორტი [$3.8 მლნ-ის მოცულობის] განხორციელდა. დანარჩენი კი, შიდა მოხმარებისთვის გადამუშავდა“, — განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო ცენტრის ეკონომისტმა ანდრეი იარმაკმა.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოცვის პლანტაციებში ჰექტარზე 1 ტონაზე ნაკლები მოსავალი მოდის, თუმცა, მოცვი დარგვიდან მოსავლიანობის მაქსიმუმ მოცულობას მეხუთე წელს აღწევს.

EastFruit-ის ექსპერტების გათვლებით, საქართველოში წელიწადში, დაახლოებით, 200-300 ჰექტარზე შენდება მოცვის ბაღები, მაშინ როდესაც მაგალითად პერუში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ამ მხრივ ლიდერია, წლის განმავლობაში მაქსიმუმ 2000 ჰექტარის ფართობის პლანტაციები გააშენეს, უკრაინაში კი -1000 ჰექტრამდე.

დარგის სპეციალისტების პროგნოზით, საქართველო 2021 წელს მოცვის მოსავლის 1300-1500 ტონით გაზრდას შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია, შევიდეს მსოფლიოში მოცვის 25 უმსხვილეს ექსპორტიორთა სიაში.

ცნობისთვის:  ქართული მოცვის ექსპორტი 2020 წელს ძირითადად რუსეთის ბაზარზე განხორციელდა; 12 ტონა გაიგზავნა პოლონეთში. 6-8 ტონა — სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და უკრაინაში.

Comment here