მთავარიმსოფლიოსაზოგადოება

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტურად მუშაობს

ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის მეცნიერების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი, ე.წ. ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში აღმოჩენილი მუტაციის მიმართ ეფექტურად მუშაობს.

კვლევის მიხედვით, ვაქცინა ვირუსის ე.წ. სპაიკ ცილის N501Y მუტაციის მიმართ ეფექტურია. მეცნიერთა ნაწილის აზრით, სწორედ ეს მუტაციაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო ადვილად და სწრაფად ვრცელდება. ლაბორატორიული კვლევა იმ ადამიანებიდან აღებული სისხლის ნიმუშებზე ჩატარდა, რომლებსაც აცრა გაუკეთეს.

კომპანია Pfizer-ის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერის, ფილ დორმიცერის განცხადებით, იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა როგორც აღნიშნული მუტაციის, ასევე სხვა 15 მუტაციის მიმართ, რომელზედაც ვაქცინის მოქმედება მანამდე გამოსცადეს.

Reuters-ის ინფორმაციით, მეცნიერები მსგავსი კვლევის ჩატარებას ე.წ. ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში აღმოჩენილ სხვა მუტაციებზეც გეგმავენ.

Comment here