მთავარიპოლიტიკა

ამირან სალუქვაძე — ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი გაწეული მოღვაწეობისთვის

დიდი ხანია მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს განახლებისკენ. აბა თუ შეძლებენ «ქართული ოცნების» ოპონენტები გადადგან მსგავსი ნაბიჯები და პოლიტიკას განარიდონ ხალხისთვის მიუღებელი პირები, რის გამოც 8 წელია აგებენ არჩევნებს?! — ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ განუცხადა.

 

«ჰქონდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს საშუალება ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, ან წასულიყო თუნდაც რიგით დეპუტატად, როგორც ბევრი ილტვის, ან კენჭი ეყარა პრეზიდენტად? რა თქმა უნდა ჰქონდა, თუმცა სხვა გზა არჩია.

წერილში ასაკიცაა მინიშნებული, 65 უსრულდება. ალბათ ესეც არის მიზეზი. ხომ აქვს უფლება გარკვეული წლები მშვიდად გაატაროს?!

არჩევნები აღიარებულია საერთაშორისო მისიების და მოსახლეობის მიერ. ამბოხები და აჯანყებები გადავიდა მოდიდან. ახალი საპარლამენტო ციკლი დაიწყო. კარგი დროა პოლიტიკური ველის განახლებისთვის.

ასევე კარგი დროა ახალმა, ბარიერგადალახულმა პარტიებმა შეაფასონ დაფინანსების გარეშე რა სიტუაციაში აღმოჩნდებიან ამ წლებში, როგორ მოემზადებიან მორიგი არჩევნებისთვის», — აცხადებს სალუქვაძე.

 

მისივე თქმით, რაც არ უნდა ილაპარაკონ მისმა ოპონენტებმა, ფაქტია, რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის, როგორც მატერიალურად, ასევე პოლიტიკისთვის.

 

«ქველმოქმედებაზე არ გავჩერდები, ვისაც თვალები აქვს, დაინახავს. პოლიტიკას რაც შეეხება, იმ მუხტის პირობებში, რომელიც მოსახლეობაში წინა ხელისუფლების წინააღმდეგ იყო დაგროვილი, ჩვენ ახლოს ვიყავით სამოქალაქო დაპირისპირებასთან. პროცესები კი ისე განვითარდა, როგორც ამ წლებში ვიხილეთ. პლუსია ეს თუ მინუსი, თავად შეაფასეთ.

 

იქნებ ჩაეყაროს ამ ტრადიციასაც საფუძველი, რომ პოლიტიკოსებმა შესძლონ საკუთარი მისიის ამოწურვის დანახვა.  არ აქვს მნიშვნელობა მმართველ პარტიაში ხარ, უმცირესობაში, ზღვარგადალახულში თუ გადაულახავში. წასვლის დროს კი მადლობა ვუთხრათ, მისი წვლილიდან გამომდინარე.

 

მეცენატობის გამო საფრანგეთის მთავრობამ უთხრა მადლობა. ჩვენთან ისე დააშინეს ხალხი, რომ საჯაროდ პოზიტივის გამოხატვა უჭირთ.

 

დროა არა ლიდერების, არამედ, კონკრეტულ ღირებულებებზე, იდეოლოგიებზე დაფუძნებული პარტიების, როცა ერთი პირის მოსვლა ან წასვლა სისტემას ვერ მოარღვევს. დროა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ინსტიტუციონალური მდგრადობა.

 

ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი გაწეული მოღვაწეობისთვის», — აცხადებს სალუქვაძე.

Comment here