პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე — ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას არ ებღაუჭება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც «ქართული ოცნება» დააფუძნა, შეუცვლელი ფიგურაა.

როგორც ანალიტიკოსმა რადიო «ჯორჯიან თაიმსთან» განაცხადა, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ძალაუფლებას არ ებღაუჭება.

«არ მგონია მმართველ პარტიაში იყოს ისეთი ვინმე, ვინც ივანიშვილის სრულფასოვანი ალტერნატივა იქნება. ამ საკითხს წმინდა პოლიტიკური და პოლიტტექნოლოგიური, ასევე, მორალური საზომებით უნდა მივუდგეთ. ბიძინა ივანიშვილი პარტიისთვის კრიტიკულ პერიოდში დაბრუნდა და დღეს ტოვებს პოლიტიკას. როგორც ჩანს, მან დაინახა ის შეუქცევადი პროცესები, რომლებიც განვითარდა «ქართული ოცნების» მმართველობის პერიოდში. შესაბამისად, ეს აძლევს უფლებას, რომ მშვიდობიანად წავიდეს პოლიტიკიდან. მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ძალაუფლებას არ ებღაუჭება. მას თავისუფლად შეეძლო გაეგრძელებინა პარტიის მართვა და ყოფილიყო ხელისუფლებაში. ივანიშვილმა აირჩია ის ფაქტორი, რომ პარტიის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა თაობას გადააბაროს.

ამჟამად, მის წერილში, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ არაფერია ნახსენები. ის საქართველოდან არსად მიდის.  ისიც უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილის პოლიტიკური წონიდან და სოციალური კაპიტალიდან გამომდინარე, მისი შეხედულებები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე გარკვეულ ზეგავლენას აუცილებლად მოახდენს,»- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ რადიო «ჯორჯიან თაიმსის» ეთერში.

Comment here