პრესის მიმოხილვა

უცხოური პრესა — ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ხელს დასავლეთის პოლიტიკურ დეკადენსით ითბობენ

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური («BBC russian») აქვეყნებს დღევანდელი, 11 იანვრის გაზეთ „სანდი თაიმს“-ში («Sunday Times») დაბეჭდილი სტატიის მიმოხილვას, სათაურით „ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ხელს დასავლეთის პოლიტიკურ დეკადენსით ითბობენ“. როგორც ავტორი მეთიუ საიდი აღნიშნავს, აშშ-ში კონგრესში შეჭრის ინციდენტმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება უფრო სერიოზული პრობლემიდან ვაშინგტონზე გადაიტანა და ამით მხედველობიდან გამორჩა ის, თუ როგორ აძლევენ უპირატესობას ცალკეული პოლიტიკოსები და ლიდერები პირად ამბიციებს და ინტერესებს, დემოკრატიის საზიანოდ.

გამოკითხვების მიხედვით, მსოფლიოს სახელმწიფოებში სულ უფრო მეტი მოქალაქეა დარწმუნებული იმაში, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალა უნდა იქნეს გამოყენებული. 2017 წლიდან ძალის გამოყენების მომხრე ადამიანების რაოდენობამ ორჯერ მოიმატა.

რასაკვირველია, დემოკრატიული ღირებულებების ასეთი დაცემით დაუყონებლივ ისარგებლეს რუსეთმა და ჩინეთმა. თუმცა, რადგანაც ისინი ვერ ახერხებენ აშშ-ის შიგნით არსებულ ანტიდემოკრატიულ დაჯგუფებებთან უშუალოდ კავშირს, მოსკოვი და პეკინი ჯერჯერობით იძულებულნი არიან ბრმად იმოქმედონ. სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა კარგად იციან, რომ დიდ იმპერიებს თითქმის ყოველთვის ძირი შიგნიდან ეთხრებოდათ, ამიტომაც ორივე ახლა ცდილობს დასავლეთის სიმტკიცის გამოცდას, სურთ განხეთქილება შეიტანონ არა მარტო ამერიკულ, არამედ საერთოდ, დასავლურ საზოგადოებაში.

რუსეთი და ჩინეთი სიხარულით და დიდი მონდომებით აქვეყნებენ კაპიტოლიუმში შეჭრის ფოტოებს და ვიდეოკადრებს, რითაც მაყურებელს ჩააგონებენ აზრს — საზოგადოება მსგავს მოვლენებს თავიდან აიცილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალიზებული კონტროლის განმტკიცება მოხდება.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ: ტოტალიტარულ რეჟიმებს დღეს მართლაც შეუძლიათ  საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის აღკვეთა შიშის დანერგვით, სახელმწიფო კონტროლის და ცენზურის გამკაცრებით. მაგრამ საბოლოო ჯამში ამგვარი ზომების შედეგი მხოლოდ დროებითი და ილუზიურია: სინამდვილეში განხეთქილება ხალხს და მმართველ ელიტებს შორის ისევ რჩება. ამიტომაც თავისუფალი საზოგადოებას მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატიის დაცვა-განმტკიცება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი და რომ ცალკეული სახელმწიფოები თავიანთი მოქმედებით ვერაფერს ვერ გააკეთებენ.

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-55613712

Comment here