ბოლო სიახლეებიმთავარი

„ეს რეჟიმი საშიშია მედიისთვის “ — გიგა ბოკერია

„ეს რეჟიმი საშიშია არამარტო მედიისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვისაც“, — განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ და გამოეხმაურა სასამართლოს მიერ  საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მიცემულ თანხმობას, ტელეკომპანია „TV1 პირველში“ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე.

 

„გამოძიება დაიწყო არა იმ მიმართულებით, როცა უნდა იყოს მხილებული პოტენციურად ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლის, მუქარის ფაქტები ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან, კერძოდ დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის, ჩუბინიძის და ბერა ივანიშვილის მიმართ, არამედ გამოიტანილია გადაწყვეტილება მედიის ჩხრეკის და მათი პროფესიული საიდუმლოების იძულებით გამხელის თაობაზე. არცერთ სხვა ვითარებაში მსგავსი ნაბიჯი არ გადადგმულა და ეს უკვე საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ მოქმედებს დღეს სამართლებრივი მანქანა სასამართლოს ჩათვლით. ის არის მოწოდებული მხოლოდ ივანიშვილის და მისი პირადი ღირსების დასაცავად“, — აღნიშნა მან.

გიგა ბოკერია განმარტავს რომ პროკურატურის ქმედება საქართველოს კანონმდებლობასთან მკაფიო წინააღმდეგობაშია. „მინდა გაგაცნოთ, თუ რამდენად მკაფიო წინააღმდეგობაშია ჩვენს დღევანდელ კანონმდებლობასთან ის გადადგმული ნაბიჯი, რაც პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლომ მიიღო. გვაქვს კანონი სიტყვისა და თავისუფლების შესახებ, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია ერთი მთავარი მუხლი — პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოთხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფედენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება. გარდა ამისა, ეს კანონი შემდეგ აისახა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც ვკითხულობთ: „საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცვლელი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით”. ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია ჩვენი კანონმდებლობა ამბობდეს იმას, რომ ის ნაბიჯი, რაც დღეს გადადგა პროკურატურამ და სამართლომ, არის თავიდან ბოლომდე უკანონო. ჩვენ ვხედავთ ჩვენივე კანონების უგულებელყოფით და დარღვევით გადადგმულ ნაბიჯებს”, — განაცხადა ბოკერიამ.

 

Comment here