ბოლო სიახლეებიმთავარი

პროკურატურა არ აპირებს „ტელეკომპანია TV1“-ში შეჭრას

პროკურატურა არ აპირებს „ტელეკომპანია TV1“-ში შეჭრას. „ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“, ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გენერალურ პროკურატურამ „ტელეკომპანია TV1“ ეთერით გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, მიმდინარე წლის 9 მარტს გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

იმავე დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება „ტელეკომპანია TV1“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს ,,ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. 10 მარტს, აღნიშნული განჩინების ტელეკომპანიისთვის ფოსტით საშუალებით მიწოდებამდე, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ტელეკომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც განემარტა, რომ სასამართლოს განჩინება შესასრულებლად გაეგზავნებოდათ ფოსტის საშუალებით და მათთვის მისაღები ფორმით, მათთვის მისაღებ დროს და ადგილას გამოძიებისთვის მოეწოდებინათ განჩინებით მოთხოვნილი მასალები. აღნიშნულზე მათ გამოთქვეს გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა.

„აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება. მნიშვნელოვანია, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი, თუმცა საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ,,ტელეკომპანია TV1“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით, ასევე ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, — ნათქვამია განცხადებაში.

Comment here