ბოლო სიახლეებიეკონომიკა

შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გაზის საბადო იყოს

საქართველოს შავი ზღვის შელფზე, სანაპირო ზოლიდან 5 000 კვადრატული კილომეტრის არეალში, შესაძლოა ნავთობი და გაზი აღმოჩნდეს. შესაბამის სამუშაოებს კომპანია OMV Petrom მომავალი წლიდან დაიწყებს.  ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

გიორგი ტატიშვილის თქმით, აქტიური სამუშაოების დაწყებამდე, წლევანდელი წელი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შემუშავებას დაეთმობა.

„შავი ზღვა ეკოლოგიურად საკმაოდ სენსიტიურია ჩვენთვის და ბუნებრივია, გვინდა, რომ კომპანიას ჰქონდეს მსოფლიო დონის ანგარიში, რომელიც გარემოზე პოტენციურ ზემოქმედებას აღწერს. ამის შემდგომ უკვე კომპანია დაიწყებს ორ და სამგანზომილებიან სეისმურ კვლევებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, იდენტიფიცირება გავაკეთოთ იმ წერტილების, რომლებიც პოტენციურად ყველაზე საინტერესო იქნება გასაბურღად. ამის შემდგომ უკვე გადავალთ ბურღვით სამუშაოებზე და ბურღვითი სამუშაოების შედეგად, დადასტურდება ის მარაგების ოდენობა, რომელიც შესაძლოა არსებობდეს შავი ზღვის ამ სალიცენზიო ბლოკზე“, – განმარტა ტატიშვილმა.

შავი ზღვის აუზში გაზს უკვე მოიპოვებენ უკრაინა, რუსეთი და თურქეთი. ამ ქვეყნების რიგებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა რუმინეთიც, სადაც კომპანია OMV Petrom-მა ნავთობისა და გაზის საკმაოდ დიდი მარაგები აღმოაჩინა და რომლის მოპოვებასა და გადამუშვებასაც ახლო მომავალში დაიწყებს. მსგავსი სამუშაოები მიმდინარეობს ბულგარეთშიც. ახლა კი იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ევროპული კომპანია მუშაობს, საქართველოც დაემატა.

ის ეკონომიკური შეფასება, რომელიც გაკეთდა, სრულად იძლევა იმის საფუძველს, რომ აქ არის ის მარაგი, რომელიც არა მხოლოდ ამ უზარმაზარ კაპიტალდაბანდებას ამოიღებს, არამედ მოგებასაც მისცემს როგორც სახელმწიფოს, ასევე კომპანიას“, – აღნიშნა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა.

წლის ბოლომდე კომპანია ქართულ აკვატორიაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს მოამზადებს. ამის შემდეგ ჩატარდება ორ და სამგანზომილებიანი სეისმური კვლევები. უშუალოდ ბურღვითი სამუშაოები კი სავარაუდოდ 2024 წელს დაიწყება.

OMV Petrom -თან ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა. კონტრაქტის მიხედვით, კომპანია შავი ზღვის კონტინენტურ შელფში, 25 წლის ვადით ნავთობისა და გაზის კვლევა–ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს. ამასთან, OMV Petrom ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ 600 ათას დოლარს შეიტანს, როგორც ხელმოწერის ბონუსს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სალიცენზიო არეალში ნავთობს ან გაზს აღმოაჩენს, საქართველოს მთავრობას დამატებით 5 მილიონ დოლარს გადაუხდის. კონტრაქტის მიხედვით, კომპანია დანახარჯების ანაზღაურებამდე სახელმწიფოს მოპოვებული წიაღის 30 პროცენტს აძლევს უფასოდ, ხოლო დანახარჯების ანაზღაურების შემდეგ საქართველოს 60 პროცენტი დარჩება.

Comment here