ბოლო სიახლეებიმთავარი

„TV პირველი“-ის დამფუძნებელი დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისკენ მოუწოდებს

„არ ვაპირებ მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი. არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს“, — განაცხადა ტელეკომპანია „TV პირველი“-ის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა საგანგებო ბრიფინგზე.

ტელეკომპანიის დამფუძნებელმა რეაგირებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართა.

„ვფიქრობ, ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაც მითიური, არასებული ელექტროხელსაწყო. მე მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ტელეკომპანია „პირველი“ ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და არ იყოს მაუწყებელი და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ჩვენს ქვეყანაში’, — განაცხადა წერეთელმა და დასძინა რომ „მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ. მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება და რეაქცია. სასაამართლოს დადგენილებაში განჩდა ჩანაწერი, რომ გამოძიებას შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია „პირველში“. ეს არის ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტელეკომპანია „პირველი“ აღარ იყოს და არ იმაუწყებლოს“, — განაცხადა მან.

 

 

Comment here